CinéDOC-Tbilisi - საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი უკვე მეხუთე წელია, რაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით რეგიონულ კინოჩვენებებს მართავს. პროექტი CinéDOC on Tour-ის სახელითაა ცნობილი და მის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონში წლის განმავლობაში 120 კინოჩვენება იმართება. თითოეული კინოჩვენების შემდეგ ეწყობა დისკუსიები და ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ კინოფესტივალის პროგრამიდან შერჩეული ფილმები იხილოს.
პროექტში ჩართულია 40-ზე მეტი რეგიონული კოორდინატორი, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, რასაც ემატება სომხეთისა და აზერბაიჯანის რეგიონები. CinéDOC on Tour-ის კინოჩვენებები მაქსიმალურად უწყობს ხელს კულტურული ღონისძიებების მასშტაბის გაზრდას, ამ მხრივ ნაკლებად აქტიურ რეგიონებშიც. შეიძლება თამამად ითქვას, რომ რეგიონული კინოჩვენებები განსაკუთრებული წარმატებით მიმდინარეობს, რისი ცხადი მაგალითია მათი უფრო მასშტაბურ ღონისძიებად - მინიფესტივალებად გადაქცევა.