CinéDOC-Tbilisi ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით იწყებს ერთთვიან პროექტს სახელწოდებით EDU DOX საგანმანათლებლო დოკუმენტური კინოჩვენებები. პროექტი დოკუმენტური ფილმების ონლაინ ჩვენებასა და შემდგომ დისკუსიას მოიცავს, რასაც სამართლის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან.
COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო სტუდენტების დიდ ნაწილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სახლებში დაბრუნება მოუწია. აქედან გამომდინარე, პროექტი სრულიად ონლაინ მიმდინარეობს, რაც რეგიონული მასშტაბით კინოჩვენებებს თავისუფალს ხდის და შესაძლებლობას აძლევს თბილისის გარეთ მცხოვრებ სტუდენტებს ნახონ დოკუმენტური ფილმები და მონაწილეობა მიიღონ სიღრმისეულ დისკუსიებში.
პროექტი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმწირით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ შეიქმნა და ითვალისწინებს სტუნდენტებისთვის შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს მეშვეობით ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.