რა არის ფილოსოფია ღობის მიღმა? რატომ არის აუცილებელი ღობის აშენება იმ სამყაროში, რაშიც ვცხოვრობთ? ახალგაზრდა კაცი ცდილობს ჩამოსხმული ბეტონის ღობის შეძენას ქუთაისში და მათ ცაგერში გაგზავნას.
ღობეები წარმოუდგენლად უსახურია, თუმცა გადაწყვეტილება მისაღებია და პროტაგონისტმა არჩევანი უნდა გააკეთოს. კამერა მას ამ თავგადასავალში მიჰყვება: ღობის ყიდვა ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც ეს თავიდან შეიძლება მოგვეჩვენოს.
პროტაგონსტისთვის საკმაოდ ამაღელვებელი ხდება ეს ყველაფერი და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად ღობის კონცეფციას. მთავარი გმირი ამერიკელი ტიმოთე მერკელია, რომელიც უკვე ათი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მან მიტოვებული სახლი შეიძინა ცაგერში. სახლის რენოვაციის პროცესი, მეზობლების რჩევით ღობიდან დაიწყო, თუმცა ეს მას იმთავითვე აბსურდულ იდეად მიაჩნდა.